პარლამენტი საშემოდგომო სესიის გახსნისთვის ემზადება. რეგლამენტის თანახმად, დეპუტატები პირველ სესიაზე სექტემბრის პირველ სამშაბათს, ანუ 2 სექტემბერს შეიკრიბებიან.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის 430 გვერდიანი დასკვნა იქნება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინფორმაციით, მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ.
სესიაზე წარდგენამდე კომისიის მიერ მომზადებული შემაჯამებელი დასკვნა დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
ამასთან, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ბიუროს სხდომები გაიმართება, სადაც განიხილავენ ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის.
განიხილავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც. გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დღეს მათი ადგილმონაცვლეების საკითხს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოს პრინციპების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიაზე გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრების შეწყვეტილი მანდატები, პარლამენტის ახალი წევრებით ჩანაცვლდება. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 12 ახალ ადგილმონაცვლეზე იმსჯელებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღება.
გახარიას პარტიის 12 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი, პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.