პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომა დაატოვებინა ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს, რომელიც, ოხანაშვილის თქმით, მიკროფონის გარეშე ლაპარაკობდა.
მანამდე ოხანაშვილმა ვაშაძეს გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა და მოუწოდა, კანონპროექტის მუხლთან დაკავშირებით დაესვა კითხვა.
„პოლიტიკური შეფასებები შეგიძლიათ, კამერასთან გააკეთოთ, საკითხი განიხილება შინაარსობრივად, მუხლობრივად, გააკეთეთ შინაარსობრივი შეფასება. გაფრთხილებთ, შინაარსობრივი შეკითხვები დასვით. ულიმიტო ლაპარაკის დრო არ გაქვთ. თქვენი ინტერესია პროვოკაცია, ჩვენი ინტერესია შინაარსობრივი განხილვა, ამიტომ შეფასებებს დაანებეთ თავი. შეკითხვები დასვით. ვიყენებ რეგლამენტის პროცედურას და გაფრთხილებული ბრძანდებით, რადგან საუბრობთ საკითხის მიღმა, არ ემორჩილებით კომიტეტის თავმჯდომარის მითითებას“, – მიმართა ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ვინც ცვლილებებს მხარს უჭერს, რუსები არიან. მის ამ რეპლიკას საკომიტეტო დარბაზში უმრავლესობის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ბეჟაშვილსაც.