საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ინიციატივის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის შესაბამისობაში მოყვანა 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა. ინიცირებული ცვლილებების თანახმად, მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატის ხელფასი 8 000-10 000 ლარის ფარგლებში იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 1 ნოემბერს დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.
პროექტის თანახმად პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8 250 ლარი.