პარლამენტის ბიუროს შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მასზე რეაგირების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილება დღეს წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა.
ფრაქცია განმარტავს, რომ კომისიამ უნდა გამოიკვლიოს – რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის ადგილას განვითარებული პროცესების პროგნოზირება და მოსახლეობის დროული გაფრთხილება – მათ შორის, განგაშის სისტემა (Alarm System), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების გაფრთხილება და დროული ევაკუაცია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, საქართველომ 70 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო მრავალმხრივ კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის სისტემის უზრუნველსაყოფად და ეს პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას.
„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები. ასევე, კონკრეტულად რომელ მაღალმთიან რეგიონში დამონტაჟდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და მომზადდა თუ არა გეოლოგიური საფრთხეების ამსახველი შესაბამისი რუკები ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის მიზნით.
შოვში მეწყრული პროცესი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა სამი საათის დაგვიანებით დაიწყეს. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი და გამოკვეთოს პასუხისმგებელ პირთა წრე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული კატასტროფის საპასუხო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა ვერ დაინახა. კომისიამ უნდა შეისწავლოს, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეს შესაბამისმა თანამდებობის პირებმა აღნიშნული გადაწყვეტილება”, – ნათქვამია დოკუმენტში.
დადგენილების მიხედვით, კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს – მიმდინარეობდა თუ არა სტიქიური უბედურების ზონაში ან მიმდებარედ ხე-ტყის უკანონო გაჩეხა, რასაც შესაძლებელია დაეჩქარებინა მეწყრული პროცესების განვითარება და რა სახის სამშენებლო ნებართვები გაიცა სტიქიის ზონაში ან მიმდებარედ და ჩატარდა თუ არა კომპლექსური კვლევები გეოლოგების და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით ნებართვების გაცემამდე, გარემოზე ზემოქმედების ჯეროვანი შესწავლის და რისკების აღმოფხვრის მიზნით.
შეგახსენებთ: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.