„ქართულ ოცნებას არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია, ჩვენ მუდმივად ვრჩებოდით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შეფასებისას გააკეთა.
„ქართულ ოცნებას არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია, ამაზე მეტყველებს ფაქტები, რეზოლუციები და ჩვენი ხელმოწერები სხვადასხვა დოკუმენტებზე. საქართველო მუდმივად მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ პირთა და წარმომადგენელთა დამოკიდებულება შეიცვალა, ჩვენ იმასაც ვაცხადებდით, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კრიტიკა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან გაფუჭებას არ ნიშნავს.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენელთა კრიტიკა არც არავის აუკრძალავს და არც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მათი მხრიდან ვხედავდით უსამართლო დამოკიდებულებას. სწორედ ეს იწვევდა ჩვენს გულისტკივილს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებოდით. მოხარული ვიქნებით, თუ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც იყო გარკვეულ პერიოდამდე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.








