,,არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების რისკების განმუხტვას ემსახურებოდა.“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემაში ,, დღის ქრონიკა“ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, როგორც დავითაძის, ისე დღევანდელ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმას. მათი დეესკალაციის ოთახში გადაყვანა კი უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე განხორციელდა.
,, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, სწორედ ამ რისკების განმუხტვისა და გადაზღვევის მიზნით ხდება პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსება. ორივე შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა. კადრებში ჩანს, როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. არ ვიცი რა იყო ამ თავდასხმის საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ პირებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი, რადგან მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია.“- განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არცერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.
,, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.









