ვმუშაობთ, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი პარლამენტის დატოვებამ უნდა გააძლიეროს. სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ნაკლები მოკრიტიკე ეყოლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხაბეიშვილს არავისზე ნაკლები ლეგიტიმაცია არ აქვს.
„ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ნაწილი და უნდა ემსახურებოდეს არა კომფორტის ან ერთდღიანი ნიუსის შექმნას, არამედ სერიოზული დისკომფორტის და სახელისუფლებო კრიზისის შექმნას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი და ეს პროტესტი პარლამენტის დატოვებამ უნდა გააძლიეროს. სხვა შემთხვევაში, თუ პარლამენტში „ქართული ოცნება“ დავტოვეთ მარტო და ქუჩაში არ იქნება ხალხი, პირიქით, ეს გაუხარდებათ და ნაკლები მოკრიტიკე ეყოლებათ პარლამენტში. თუ ვინმეს აქვს ლეგიტიმაცია, არც ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია არ არის არავისზე ნაკლები. გაკვირვებული ვიყავი – ადამიანი ექვსი საათის არჩეული იყო და ამბობდნენ, წავიდეს, გამოიხსნას სააკაშვილიო, ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას ვხედავ, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან ტრამპის „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არის დაპირისპირება, თუმცა ამის გამო ამერიკა არ ინგრევა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – ყველგან დემოკრატიაში არსებობენ გუნდები და სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების გაერთიანება, ეს რა პრობლემაა? ჩვენს პარტიაშიც არის გუნდები და ამ გუნდების ერთობლიობაა „სტრატეგია აღმაშენებელი“. ახლა ხელისუფლებას სურს, ქვეყანა რომ კანდიდატის სტატუსს კარგავს, ინფლაცია მაღალია და ხალხი ქვეყნიდან გარბის, აქედან ყურადღება გადავიტანოთ და ვისაუბროთ იმაზე, რატომ თქვა სააკაშვილმა რაღაც და რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჭიქაში ქარიშხალის მოწყობის მცდელობას არ ავყვები, პირველხარისხოვანია, ხელისუფლებას პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.