არ მგონია, რომ ე.წ. პარლამენტში რამე აქტის მიღებამ გავლენა მოახდინოს „მეგობარი აქტზე“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ექნება თუ არა საქართველოს პარლამენტის დადგენილებას გავლენა „მეგობარი აქტის“ მომავალზე.
„მეგობარი აქტი“ ნათლად ამბობს, რომ ისინი მიჯნავენ ერთმანეთისგან ივანიშვილის რეჟიმს, ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეს. მასში მარტივი ფორმულაა, თუ გინდათ ამერიკასთან მეგობრობა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ აქტით, ხოლო თუ აგრძელებთ დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას, ანუ ძირის გამოთხრას, როგორც იყო საუბარი, მაშინ იმ მოძალადეებზე, რომლებიც არბევდნენ აქციებს, მშვიდობიან მოქალაქეებს და ვინც მოქალაქეებს ატერორებდნენ, მათზე უნდა განხორციელდეს სანქციები. ეს არის „მეგობარი აქტი““, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ღია წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, რუსულ ნარატივებს შეიცავდა და ხელისუფლებამ აშშ-ს რაღაც ფინანსები დაუთვალა მაშინ, როდესაც ამერიკა საქართველოს ფასდაუდებელ დახმარებას უწევს.
„მერე პროპაგანდა იძახის, ესენი უცხო ქვეყნის ინტერესს გამოხატავენო. მარტივ რამეს ვიტყვი, მე ამერიკა მჭირდება საქართველოსთვის და ევროკავშირიც საქართველოსთვის მინდა. საქართველოა უპირველესი ჩემთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეკითხვაზე, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ოთხი თვის თავზე იმის საჯაროდ დეკლარირება, რომ აშშ-დან კომუნიკაცია იგვიანებს და პირველ წერილობით მიმართვასაც არ მოჰყოლია რეაგირება, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეს პერიოდი ლობისტებისთვის გამოიყენა და ისინი ცდილობდნენ, ლობისტების საშუალებით დაელაგებინათ ურთიერთობა კულუარებში, თუმცა ეს არ მოხერხდა და არც მოხერხდება.
„ლობისტმა როგორ უნდა შეძლოს კონკრეტული მთავრობის, ასე დავინახოთ, როგორც პროდუქტის გაყიდვა, შეფუთვა და ივანიშვილის რეჟიმის სწორად მიტანა ადგილზე, როცა ეს დამპალი ვაშლია? არ არსებობს ამერიკაში და მსოფლიოში ლობისტური კომპანია, რომელიც ამას შეძლებს, რადგან დემოკრატიისთვის ეს რეჟიმი არის დამპალი ვაშლი. ამას ვერ გაყიდი. ვერ იტყვი, რომ ეს არის საუკეთესო რეჟიმი, ამას უნდა დავეხმაროთ, ხელშეწყობა სჭირდება, რადგან ის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეკითხვაზე, რაზე მიუთითებს ფაქტი, რომ ვხედავთ კომუნიკაციის გარკვეულ მცდელობას, როცა საქართველოს ვიცე-პრემიერი იყო ჩასული აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრები და ასევე, საქართველოში აშშ-ის ელჩსაც ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის“ თავდაპირველი ინიცირებული ვერსია ითვალისწინებდა სტუდენტებისთვის გამარტივებულ უვიზო მიმოსვლას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ეკონომიკური ხელშეწყობის ღონისძიებების გატარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ვიზიტის შემდეგ ეს ყველაფერი ამოღებულია.
„ანუ, ამისთვის ჩავიდნენ იქ? რა გზავნილით ჩავიდა იქ, ეგ არის საინტერესო. ახლა გამოვიდეს უნდა ბატონი დავითაშვილი და ახსნას, რა ელაპარაკა ასეთი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან საქართველოს გვერდით უდგას, რომ რაც ეწერა, ისიც კი ამოღებულია „მეგობარი აქტიდან?“ ეს არ არის ურთიერთობის დალაგება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, გამოსავალი არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ადამიანების, ახალგაზრდების გამოშვება, რომლებიც დაკავებული არიან პარლამენტის ჭიშკრის გაჩხაპნის გამო.
„პარლამენტის ჭიშკრის გაჩხაპნის გამო არიან ახალგაზრდები დაკავებული. მე ვიცნობ ამ ადამიანებს. ნაცემი არის ასობით ადამიანი და ერთი საქმე არ არის გამოძიებული. სახლთან ხვდებოდნენ ოპოზიციის ლიდერებს. მეც დამხვდნენ სახლთან, მეზობელი გამოვიდა და ამან უშველა საქმეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.