ჩვენ გვყავს ბრიტანულ-ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ძალიან მაღალი რანგისაა. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგია, არჩევნებზე მშვიდად მივიდეთ და არჩევნები იდეებისა და საქმის კეთების ასპარეზად გადავქციოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მათ ინტერესებში არ შედის რაიმე ფორმით დაძაბულობა და კონფრონტაცია.
„ნახავთ, რომ ჩვენი სალაპარაკო ენაც კი შეიცვლება. „ქართული ოცნება“ ზიზღის ენით დაგველაპარაკება, ჩვენ ამას სიყვარულით ვუპასუხებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, პაატა მანჯგალაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.
„როზნერთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ის წლების წინ „ნაცმოძრაობას“ ეხმარებოდა. ჩვენ სხვა პიარტექნოლოგები გვყავს, რომლებიც ბრიტანეთში ბორის ჯონსონის პიარკამპანიაში მონაწილეობდნენ და ამერიკაში – ბარაკ ობამას კამპანიაში. გვინდა, რომ ადამიანურად წავიდეთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ხალხი დაგვიჯერებს – როცა „ოცნება“ თავზე გადაისხამს, ჩვენ მათ სიმშვიდის გარდა, არაფერს ვუპასუხებთ. ყველა დაინახვს, ვინ ვინ არის. ყველაფერს საქმით დავადასტურებთ. რა დღეშია „ოცნება“, ამას ხალხი ხედავს. ჩვენი მხრიდან არანაირი ზიზღი და სიძულვილი არ იქნება, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.