კანონპროექტის ხელახალი ინიცირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა და განმარტა, რომ უნდა დავფიქრდეთ, ვისია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის.
„ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია, ხელისუფლებას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. არავინ აღარ დარჩა. მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს? კანონი მოსწონს პესკოვს. დავფიქრდეთ, ვისია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის. ის, ვინც საფრანგეთს ახსენებს, ფრანგული კანონი ან წაკითხული არ აქვს, ან მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. ფრანგული კანონპროექტის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საფრანგეთი შეთანხმდა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით თვალთვალისა და მიყურადების ალგორითმი შეიცვალა. ამ კანონის მიხედვით, მეგობარი და მტერი სახელმწიფოები განისაზღვრა, რეგულაციები მეგობარ სახელმწიფოებზე არ ვრცელდება.
ველოდები, შალვა პაპუაშვილი როდის გამოვა და როდის ამხელს ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაერო-ს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში. კანონპროექტის ხელახალი ინიცირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ საქართველო ბოსტანია და საძოვარია, ამიტომ ბევრი ევროპა არ უნდა. გაკვირვებული ვარ, რა გამჭვირვალობას ითხოვს ის ხალხი, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილის გამჭვირვალობა ვერ ჩაუტარებია? იმ ადამიანის გამჭვირვალობა, რომელიც ამბობდა, რომ ნაჩუქარი ათასი დოლარით ისწავლა და დღეს ამბობს, რომ მამამისი მილიონერია. „ქართული ოცნების“ რომელი წევრი დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალობით? ამ კითხვას უნდა უპასუხოს ცრუპენტელა, გადამგდებმა, ცრუ და თაღლითმა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა.
ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.