ყოველდღე პასუხს მთხოვდნენ სამუშაო ჯგუფში არმონაწილეობის გამო და ახლა მე გავაკერპე? მე ხომ ვამბობდი, რომ არც სამუშაო ჯგუფში და არც მის გარეთ „ქართული ოცნება“ არაფრის გამკეთებელი არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ეს იყო პროპაგანდის საშუალება, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციები ვერ შეასრულა იმის გამო, რომ პაატა მანჯგალაძე არ მიდიოდა საპროცედურო კომიტეტთან არსებულ ქვეკომიტეტის სამუშაო ჯგუფში.
„თქვენ ნახავთ, ოპოზიცია როცა გაიმარჯვებს არჩევნებში, ამ ცხრა რეკომენდაციას შევასრულებთ ზუსტად სამ თვეში და საერთოდ არ მოვიკითხავ, სად არიან შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე. ჩვენი გეგმა არის, რომ ის ექვსი ინიციატივა, რომელიც შეტანილი გვაქვს საარჩევნო რეფორმების სახით, მათ შორის ოპოზიციას შეტანილი აქვს ანიტკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, რომ ბუტაფორია არ იყოს, ასევე სასამართლო რეფორმის პროექტი, ასევე ბევრი მიმართულებით გვაქვს პროექტები, შევეცდებით, ხელახლა შევახსენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ, მოდი, იქნებ რამე ამ მიმართულებით შევცვალოთ. მაგრამ დეოლიგარქიზაციის გამკეთებელი „ქართული ოცნება“ არ არის, არ არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმის გამკეთებელი, არც ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იტყვის უარს და არც ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნის. შესაბამისად, ნუ ატყუებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილი ცვლილებები და რეფორმები მოხდება.
ჰაერში იქნებიან, ზღვაზე თუ ხმელეთზე, ჩვენ ყველგან შევხვდებით „ქართულ ოცნებას“. იქნება კომიტეტი, ქვეკომიტეტი თუ ზეკომიტეტი, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.