რის გამო მასამართლებთ, რომ ხალხს მოვუწოდე, გამოდით მშვიდობიან აქციაზე? არავითარი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა პაატა მანჯგალაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „მისთვის ნათელი იყო, რომ ამ საქმის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა“.
„ბატონო პროკურორო, რის გამო მასამართლებთ, რომ ხალხს მოვუწოდე, გამოდით მშვიდობიან აქციაზე? არავითარი ორგანიზატორი არ ვყოფილვარ. პაატა ბურჭულაძესთან ფოტო რომ მაქვს გადაღებული, ეგ დევს საქმეში მტკიცებულებად და ერთი წლის წინანდელი სამი სატელევიზიო განცხადება. სხვის განცხადებებს მაბრალებენ. შეიძლება, ფოტოს გადაღებით ადამიანი ორგანიზატორად იქცეს? აბსურდთან გვაქვს საქმე, რუანდის ქეისამდე მივედით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









