პაატა ბურჭულაძე: მე ვიცი ვინ არის ნინო ანანიაშვილი, ასეთი ღირსეული ოჯახი უნდა იყოს ქვეყნის სათავეში

1539433668
"მე ამ მთავრობას მავნებელი შევარქვი. ისინი არიან უუნაროები. მათ დიდი უნარი აქვთ, მავნებლურდ შეცვალონ მთელი ქვეყანა და შეცვალეს კიდევაც", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"ჩვენი კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა, უგანათლებულესი, დიდი მამულიშვილი, ბევრი რამ აქვს მას პირადად გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ბევრი რამ აქვს მის ოჯახს. როგორც მე ვიცი, ვინ არის ნინო ანანიაშვილი, ისე არ იცის არც ერთმა თქვენთაგანმა. ის არის საქართველოს სახე საზღვარგარეთ.
ასეთი ოჯახი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში, როგორიცაა ღირსეული, განათლებული, თავისი ერის მოყვარული ადამიანი, წარმოსადეგი ადამიანი და ასეთი ქალბატონი, როგორიც არის ნინო", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.