ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი. მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
„ბატონო მოსამართლე, როგორ გგონიათ, მე რომ მდომოდა, ვერ გავხდებოდი „ოცნების“ პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას? ეს „ოცნების“ წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ივანიშვილი სხვადასხვა ხერხით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში, მაგრამ მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის არის დამღუპველი და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“ პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენეს იმის თაობაზე, რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს. მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად მისცა ხმა ასობით ათასმა ადამიანმა, მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე, რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.
რაც შემეხება მე – ე.წ. შვიდთვიანი გამოძიების შემდეგ: შვიდი თვეა, ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის, რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს, ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან. მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ; ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუ მოწმე პოლიციელები, რომელიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა და მათ საცოდაობაში დავრწმუნდი; გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა; დავრწმუნდი, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება. თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს; ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე, რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა. აქაც მადლობა ნოდარ მელაძეს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობასა და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე, ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა, რა დიდი საშიშროება მოდიოდა „ქართული ოცნების“ სახით. სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი. რეზულტატიც სახეზეა, რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა.
რაც შეეხება დღევანდელობას – ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან – ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში. ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება. ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, მე რა მომივა, იმას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო არასდროს დანებდება და თქვენ, ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც საშინელი სიზმარი, მალე გაქრება და მთელ საქართველოში გამოიდარებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, 2025 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








