ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტების წარდგენამდე, სხდომის წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ განხილვას ოპოზიცია, ძირითადად არ ესწრება.

 „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, ოპოზიცია  ჩვენი საზოგადოების წინაშე პირდაპირ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის მიღებას ან  გაურბის პასუხისმგებლობას, რომ საკითხის შინაარსობრივ განხილვებში შემოვიდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 საკანონმდებლო პაკეტი ზოგადი პრინციპების დონეზე, ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

 როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტი  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.

 „ეს ინიციატივა ერთგვარი ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვის არის. ამით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რათა ამ ინიციატივებს საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება  ასევე სამართლიანობის პრინციპებზეც. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო მიმდინარე წლის 17 მაისიც, როდესაც ასი ათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოვიდა თბილისსა და რეგიონებში ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დღეს სამართლიანად აღნიშნა, ეს წარმოადგენდა ერთგვარ რეფერენდუმს და ამ დაკვეთის სისრულეში მოყვანა ჩვენი ვალდებულების და პასუხისმგებლობის ნაწილია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტის ძირითადი არსის თანახმად,  ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კანონპროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება.

 „საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც ოჯახის შექმნას ჯვრისწერის საიდუმლოებას უკავშირებს. ამ ღირებულებების შენარჩუნებასა და დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან მჭიდროდ დაკავშირებულია ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რომელთა დასაცავად მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი და მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო აქტები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 მისი თქმით,  უკვე მიღებული საკანონმდებლო აქტების მიუხედავად, დღეს ლგბტ პროპაგანდა, ასევე ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების  საწინააღმდეგო პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვადასხვა ქვეყნებისთვის. შესაბამისად, აუცილებელი გახდა  ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი მიმართულია აგრეთვე იმ რისკების აღმოფხვრისკენ, რომლებიც დაკავშირებულია ინცესტის სამომავლო პროპაგანდასთან.

 მისივე თქმით,  გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი უფლების უგულებელყოფას.

 როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ეს ინიციატივა ასევე თანხვედრაშია იმ პროცესთან, რომელიც ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას უკავშირდება. მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერი მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს გამოხატავდნენ.

 „სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების დონეზე არ აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები არ წარმოადგნენ საკუთარ ამომრჩეველთა ინტერესებს. რა ინტერესებს წარმოადგენენ, ამაზე საზოგადოებამ გასცეს პასუხი, მაგრამ როცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, პრინციპების დონეზე განხილვაში არ მონაწილეობენ და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ არც პარლამენტში და  არც ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს არ წარმოადგენენ. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიებისთვის ეს იმ განაჩენის საფუძველია, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნებზე იღებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, სხვა დაინტერესებული პირებიც მონაწილეობდნენ.

 კანონპროექტის მოთხოვნების აღსრულების მექანიზმებიდან გამომდინარე ცვლილებები 18 მოქმედ კანონში შედის.

 ოთხივე კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

 კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.