ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება ალბათ შეჩერდა და არა – შეწყდა, – ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
"ბოლო 24-მა საათმა აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც ძალიან დიდი ზათქით და გრიალით დაიწყო, ისევ უცებ დამთავრდა, შეწყდა, შეჩერდა. მადლობა ღმერთს, რომ შეჩერდა, თუმცა ეს კონფლიტქი, დაპირისპირება ირანს და ისრაელს შორის ახალი დაწყებული არ არის და ძალიან ძნელად წარმომიდგენია, ასე უცებ გაჩერდეს დაპირისპირება. ალბათ, შეჩერდა და არა – შეწყდა. რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს მშვიდობა, ძნელი სათქმელია“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
შეკითხვაზე, რა ეკონომიკურ შედეგს უნდა ელოდოს მსოფლიო იმ შემთხვევაში, თუ ირანი ორმუზის სრუტეს ჩაკეტავს და გაააქტიურებს მისივე მხარდაჭერილ ჰუსიტებს იემენში, რათა სავაჭრო გზების თუ ნავთობის გადაზიდვის ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის გამოიყენოს, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა, რომ ორმუზის სრუტის დაკეტვა აუცილებლად გაზრდის ნავთობის ფასს და გაზრდის არსებითად, რითიც ზოგიერთი სახელმწიფო იზარალებს, ზოგი კი, პირიქით, ისარგებლებს.
მისი თქმით, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე საუბარი დაახლოებით 80-იანი წლებიდან მიდის.
„1992-93 წლებში იმავე ნეთანიუაჰუმ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქნესეთის დეპუტატი იყო, თქვა, რომ ირანს სულ რამდენიმე თვე აშორებს ბირთვული იარაღის შექმნამდე. ანუ, ეს ყოველთვის იყო საბაბი იმისთვის, რომ რაღაც ესკალაცია დაწყებულიყო. ამდენად, მე არ მგონია, რომ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანის ბირთვული პროგრამა არის გადამწყვეტი. აქ მთავარი ალბათ არის მაინც გეოპოლიტიკური ძალთა განლაგება და პლუს, ირანის რესურსები. ირანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ნავთობის დაზვერილი მარაგებით და ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ბუნებრივი აირის რესურსებით. ის, რომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, აღარ მინდა რეჟიმის შეცვლაო, გასაგებია, რომ ვერ შეცვალეს და აღარ უნდათ შეცვლა, თორემ ირანში რეჟიმის შეცვლა და ირანის დეზინტეგრაციის პროცესები დიახაც რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ამ ბლიცკრიგის დაწყების, თუმცა მიზანი მიღწეული ვერ იქნა“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
მისი თქმით, იმას, რომ აშშ-მა ასეთი სამშვიდობო ინიციატივა გამოჩინა და ომში არ ჩაერთო, აქვს თავისი მიზეზი.
„აშშ-ს აქვს სხვა, გაცილებით უფრო დიდი პრობლემები და ირანთან საომარი მოქმედებების დაწყება, ომში ჩართვა მისთვის იქნებოდა ძალიან მძიმე ტვირთი. აშშ-ის ფედერალური სახელმწიფო ვალი უკვე აღემატება 37 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. 37 ტრილიონი ამერიკული დოლარი არის წარმოუდგენლად დიდი თანხა. ამ ვალის მომსახურების პროცენტი, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, არის ტრილიონ 114 მილიარდი დოლარი. ბოლო პერიოდში წარმოუდგენლად მაღალია სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი. ამასთან, აშშ-ის მთლიანი ვალი, სახელმწიფო ფედერალური ვალის, პლუს კორპორაციების ვალების და ყველა ვალების ჩათვლით, არის 104 ტრილიონი ამერიკული დოლარი. ეს არის ვალი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ გადაიხდის. ამ ვალის გაუქმების ერთადერთი შესაძლებლობა ალბათ არის ძალიან დიდი ომი, მაგრამ დიდ ომს აქვს ძალიან დიდი საფრთხე და სწორედ ამ საფრთხის გამო მოხდა ახლა ეს, რაც მოხდა, რომ ასე უცებ, სახანძრო ჩარევის რეჟიმში, უცებ შეჩერდა სამხედრო მოქმედებები“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.