რაც ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშში უნდა გაზომოს, სამწუხაროდ, თავად ევროკომისიას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - მათ სამინისტროებთან და დარგობრივ უწყებებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ სამუშაოს სწორ სტანდარტებს.
„სამწუხაროდ, როგორც ვთქვით, დიპლომატიამ რიგ შემთხვევაში დაკარგა თავისი პირდაპირი დატვირთვა და დანიშნულება. ამ შეფასებებმაც დაკარგა თავისი შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ველოდებით, ფაქტია, რომ ევროკომისიას ამ ანგარიშის შესადგენად არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია სამინისტროებთან, დარგობრივ უწყებებთან, რომელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც უნდა მომზადდეს ეს ანგარიში. ვიცით, რომ საქართველო ძალიან პროგრესულად მიჰყვება ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციას. თუმცა ის, რაც მათ ამ ანგარიშში რეალურად უნდა გაზომონ, სამწუხაროდ, ამის შესახებ თავად არ აქვთ ინფორმაცია.
ჩვენც მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბიუროკრატებს, დაუბრუნდნენ საკუთარი სამუშაოს სწორ სტანდარტებს. სტანდარტი კი ის არის, რომ ქვეყნის შესაფასებლად აუცილებლად უნდა გამოითხოვონ ინფორმაცია მინიმუმ იმისთვის, რომ ნახონ, როგორია პროგრესი. ჩვენ კი ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და ჰარმონიზაციის საუკეთესო პოლიტიკას ატარებს.
რა თქმა უნდა, ყველა მსხვილი რეფორმა, რომელიც წინა პერიოდში ჩატარდა, ალბათ საბაზისოდ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა მუშაობა ამ მიმართულებით. თუმცა ვიცით, რომ როდესაც ევრობიუროკრატია ტექნიკურ ნაწილს არ აფასებს, ძალიან ბევრი იქნება ნათქვამი პოლიტიკურ ნაწილზე. პოლიტიკური ნაწილი კი თვალსაჩინოა — ჩანს, რამდენად მიკერძოებულად და ორმაგი სტანდარტებით დგება. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ და მოვისმინეთ გარკვეული უარყოფა იმ ბრალდებებისა, რომლებიც ჩვენი მისამართით მოდიოდა, თუნდაც იმის ფონზე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში“, — აღნიშნა ნინო წილოსანმა.







