უცხოელი დიპლომატები როდესაც რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 ნინო წილოსანი გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა, იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი“.

ნინო წილოსანის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ ნიკა გვარამია იმედგაცრუებულია.

„ხელმოცარული რადიკალები ახლა ყველას და ყველაფერს დაადანაშაულებენ საკუთარ მარცხში. უცხოელი დიპლომატები როდესაც რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა. ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარის თუ ცეკვა-თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები აწარმოებდნენ საქართველოს საწინააღმდეგოდ. ნიკა გვარამია რომ იმედგაცრუებულია, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა აქაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ის არის, რომ ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დიდ სურვილს, დაიხმაროს ყველა და ყველაფერი, რათა საქართველოს წინააღმდეგ იმუშაოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ყველა დიპლომატი საკუთარ დიპლომატიურ საქმიანობას უნდა ასრულებდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში.

„პოლიტიკოსებს თავის გამოხატვის თავისუფლება აქვთ, მაგრამ რასაც რადიკალები აკეთებენ, ეს არც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, არც პოლიტიკაში და არც იმაში, რომ რომელიმე მათგანი რეალურად წარმოადგენდეს სახელმწიფო ინტერესს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზნებში ახალი არაფერია.

„წლების მანძილზე მათივე ხელისუფლებიდან მოყოლებული ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართულ სახელმწიფოს რამე დაუშაონ. დიდი ხანია, მუშაობენ, რომ საქართველოს არც ვიზალიბერალიზაცია მიეღო, ვიზალიბერალიზაცია გაუქმებულიყო, არც კანდიდატის სტატუსი მიეღო, ამას უკვე ურცხვად და პირდაპირ აცხადებდნენ. დარწმუნებული ვარ, თავადაც არ უარყოფენ, რომ ძალისხმევას არ იშურებდნენ, საქართველოს წინააღმდეგ ემუშავათ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.