წინასაარჩევნოდ საერთაშორისო დონეზე ხშირად კეთდება განცხადებები, რომელიც კვებავს ოპოზიციის ნარატივს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, როგორ გავიდა ნიუსი პარტიულ ტელევიზიებში, რომ თურმე დღევანდელ შეხვედრაზე კონგრესმენი და სენატორი ოპოზიციას ხვდებოდა. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მოწვევა განხორციელდა მომენტალურად, როდესაც ეს შეხვედრა დაიგეგმა და ჩვენ თავისთავად, მოხარულები ვართ, რომ მათ შევხვდებით. სამწუხაროდ, ასეთ წვეულებებზე არის მცირედი შანსი სიღრმისეულად ვისაუბროთ, თუმცა, კარგია, რომ პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან იყო შეხვედრები და მათ ჰქონდათ სიღრმისეულად საკითხების განხილვის საშუალება. რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან იქნა გადაცემული სტრატეგიულ პარტნიორთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი მოლოდინები, ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა და ზოგადად, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები“, - განაცხადა წილოსანმა.