საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე, მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ მხარეს შორის ორმხრივი პოლიტიკური მოლაპარაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. გარდა მიმდინარე სამუშაო თუ ტექნიკური საკითხებისა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ თემებზეც. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის რიგი გადაწყვეტილებები თუ განცხადებები საკმაოდ უსამართლოდ აღწერს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

შეხვედრისას ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნინო წილოსანს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან, ბულგარეთში მიწვევა გადასცა.

„ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებაზე. უახლოეს პერიოდში, კოლეგებთან ერთად, აუცილებლად დავგეგმავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს ბულგარეთში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი პეტკო დოიკოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორი ივან პავლოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის უფროსი ექსპერტი რალიცა ვასილევა.