საკმარისზე მეტი ორგანიზაციისგან გაიგეს, რომ ეს არ არის არც ფრანგული, არც ევროპული, არც ამერიკული კანონი. უშუალოდ პირველი პირებისგან იციან ეს ამბავი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ნული არგუმენტია“.
„შემიძლია 30 საკითხი მაინც დაგისახელოთ, რაზეც ირაკლი კობახიძეს მსგავსი პასუხი აქვს გაცემული. როდესაც მათ თავად არგუმენტები არ აქვთ, ეტყობა, შეთანხმებული მესიჯბოქსია, რომ უნდა თქვან, თითქოს საპირისპირო მხარისგან არგუმენტები ვერ მოისმინეს. საკმარისზე მეტი ორგანიზაციისგან გაიგეს, რომ ეს არ არის არც ფრანგული, არც ევროპული, არც ამერიკული კანონი. უშუალოდ პირველი პირებისგან იციან ეს ამბავი.
რა უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებმაც მთელი საქართველო და მთელი დასავლური სამყარო მოატყუეს, რომ ამ კანონს არ დააბრუნებდნენ და მაინც დააბრუნეს? ვინ უსმენს და ვინ უჯერებს? ირაკლი კობახიძის არავის სჯერა. ეს ძალმომრეობითი რეჟიმია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიდის და კონსტიტუციას არღვევს, რომელშიც წერია, რომ ჩვენ ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ.
ჩვენ მშვიდობიანი ფორმით, კონსტიტუციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი არ მიიღონ. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისწვდეს, ყველაფერს გავაკეთებ. ქართველებს ვერ მოერევიან და საქართველოს რუსეთზე ვერ გაყიდიან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.