ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში კეთილსინდისიერი მოსამართლეები არიან დანიშნული და როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკითხი არის დახურული, ეს ჩემთვის არის გზავნილი, რომ საერთოდ არ განიხილება ევროკავშირთან ინტეგრაცია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„ასე გამოვიდა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, ჩემი მიღწევების პოპულარიზაცია მოახდინოს და დაკავებულია ჩემი წარსული საქმიანობის პიარით, რისი წინააღმდეგიც ნამდვილად არ ვარ, ეს ნამდვილად არ მაზიანებს.
დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ძალიან ცოტა გვაშორებს ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებასთან და ერთ-ერთი მოთხოვნა იმისათვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში და დავიწყოთ ამ საკითხზე მოლაპარაკება, არის ძალიან კონკრეტული, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმა. ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში კეთილსინდისიერი მოსამართლეები არიან დანიშნული. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკითხი არის დახურული, ეს ჩემთვის არის გზავნილი, რომ საერთოდ არ განიხილება ევროკავშირთან ინტეგრაცია“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.