სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია რთული და მძიმეა, ამ დინამიკით კი რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება.

"რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა, ვუთხარი რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო ექიმებმა გაატარეს მასთან და ვფიქრობ, სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს.

თუ არ ვცდები, მომდევნო კვირაში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მანამდე მოგვიწევს მომზადება და ამიტომ გახდა საჭირო ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავის თვალით ენახათ და შეეფასებინათ, ეს იყო დღევანდელი მოსვლის მიზეზი.

პირველივე დღიდან მისი პატიმრობისა ჩვენ ჩართულები ვართ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზედაც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული და მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველი ამ მიმართულებით",- აღნიშნა ლომჯარია.