ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს , - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ„პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი ხედვა არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ერთპარტიული მმართველობის ცვლილება. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ამ პროცესში ნეიტრალური ვარ და არ მაინტერესებს, რა მოხდება. ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს.
ამ ვითარებას ოპოზიციური პარტიები მომზადებულები უნდა შეხვდნენ. ჩემი ხედვაა, რომ უფრო გონივრული და სტრატეგიული მიდგომა გამოიჩინონ. იქ, სადაც ლოგიკურად არის შესაძლებელი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და მსხვილი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, ეს უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს 5%-იანი ბარიერი , 1%-იანი ბარიერი რომ იყოს, სხვა ვითარება იქნებოდა. როდესაც გვაქვს 5%-იანი ბარიერი და თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა მოვიდეს, მაშინ პარტიები შესაბამისი სტრატეგიული კონფიგურაციებით უნდა უპასუხონ ამ მდგომარეობას. ჩემი ხედვა იყო რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს“,- განაცხადა ლომჯარიამ.