საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ფარუქ ჩელიქს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, საპარლამენტო დონეზე აქტიურ თანამშრომლობაზე და მისი კიდევ უფრო გაძლიერების გზებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს და ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებს ესაუბრა ჩატარებულ არჩევნებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ვითარებასა და სამშვიდობო პროცესებზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ხაზი გაესვა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და ამ პროცესში როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, კომიტეტის წევრი დავით დოლიძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია მონაწილეობდნენ.