ძალიან უსუსური მცდელობაა იმის თქმა, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება არ გაუხარდა. არ მგონია, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სერიოზულად შეიძლება, ასეთ სისულელეებზე პასუხის გაცემაც არ ღირს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ არის საინტერესო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რას აცხადებენ.
„ამ ევროპარლამენტარებს, მათი განცხადებებიდან გამომდინარე კუდები მოუჩანთ, ნათლად ჩანს, საიდან იკვებებიან და საიდან იღებენ ინფორმაციას, როცა მათი განცხადება ერთი ერთში იმ განცხადებას ემთხვევა, რომელიც ქვეყნის შიგნით კეთდება, თავისთავად ნათელია, რომ კუბილიუსს, ფოტიგას თუ სხვებს, რამდენიმე ოდიოზურ ევროპარლამენტარს ამ ტექსტებით საქართველოდან ამარაგებენ. ამიტომ მათ ყურადღებას აღარ ვაქცევთ და არ გვაინტერესებს, რას და როგორ ამბობენ. როცა გეუბნებით, კუდები მოუჩანთ, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ მათი კავშირი იმ ადგილობრივ ოპოზიციონერ ძალებთან კარგად ჩანს, ვინც რადიკალურ ოპოზიციაშია და ვინც ამ თვეების განმავლობაში ბრიუსელში დადიოდნენ და ითხოვდნენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.