ჯო უილსონს შარშან სურვილი ჰქონდა, „მეგობარი აქტი“ გაეტანა, რაც არ გამოუვიდა. ახლა ცდილობს, შედარებით უწყინარი საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოსა და მის ხელისუფლებას კონკრეტული ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტზე“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, რეალურად, ეს აქტი არაფრის მთქმელია.
„ბოლო პერიოდში, საქართველოსა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და საკმაოდ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ჯო უილსონი საქართველოს არაკეთილმოსურნეა. ის ჩვენი ოპოზიციის დიდი მხარდამჭერია და ოპოზიცია სწორედ იმ ლობისტურ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც მას ფინანსურად უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, შარშან მას სურვილი ჰქონდა, „მეგობარი აქტი“ გაეტანა, რაც არ გამოუვიდა, ახლა ცდილობს, შედარებით უფრო უწყინარი საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს და მის ხელისუფლებას კონკრეტული ზიანი მიაყენოს. რეალურად, ეს აქტი არაფრის მთქმელია. ღიად ამის მოწოდება უცნაური ფაქტია. ამერიკის ხელისუფლებამ ეს როგორ უნდა გამოიძიოს? დაზვერვის აგენტები ღიად უნდა გამოუშვას, მათ ქართველი მაღალჩინოსნები „დაავერბორკონ“ და მათგან მიიღონ ინფორმაცია, თუ ეს როგორ არის? აქტით ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებაც მოითხოვეს. ამერიკა და საქართველო პარტნიორობის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ და ეს ასედაც და ისედაც, შემდგომში მოხდება, სამოქმედო გეგმა გვექნება. ამიტომ, ეს ყველაფერი სახის შენარჩუნებაა იმ ფაქტის შემდეგ, როცა „მეგობარი აქტი“ დამარცხდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. სახის შენარჩუნება ჯო უილსონის მხრიდან ხდება. კიდევ ერთხელ მცდელობაა, რამენაირად საქართველო უარყოფითად წარმოაჩინონ. ამერიკას რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა როცა ეძაბება, სწორედ იმ ქვეყანას ახსენებს ჯო უილსონი. ერთხელ ვენესუელაც ახსენა, თითქოს, მათი მომხრეც ვიყავით – ხან პროვენესუელური ვართ, ხან პროირანული, ხან პროჩინური, ხან პრორუსული. ანუ, ამერიკასთან დაპირისპირების შკალაზე რომელი ქვეყანაც უფრო მაღლა ადის, ჯო უილსონი ამას ხელიდან არ უშვებს. ეს მარტივი თამაშია, რომელსაც ქართული საზოგადოება არ იღებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.




