"ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიაში რჩება და აგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი რუსული რეჟიმის პირადი ტყვეა.
მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
"ამ ბრძოლაში გააზრებულად, მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წელს, და ის მიზნები, და ამოცანები რომლის მიღწევა და შესრულება მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ არის შეუსრულებელი. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში, მე ბუნებრივია, ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.