ისმის კითხვები, როდემდე? როგორ? როდის? ვიდრე არ დამარცხდება რეჟიმი. სადამდეც შევძლებთ – არა, რამდენიც იქნება საჭირო ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის დასამარცხებლად და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საყოველთაო პროტესტი, ყოველდღიური სახალხო პროტესტი იმ წერტილამდე მივა, როდესაც ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის და არა ვიღაცებისთვის.

„მოხდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვინც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენ ოფისშიც არ უნდა შევიდნენ, ეს პროტესტი ხალხის მიერ გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, ვის რომელ ოფისში დაესხმებიან თავს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი და გამარჯვება იქნება გარდაუვალი.

არ ვსაუბრობთ დაკავებებზე, მით უმეტეს პოლიტიკოსების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ნიკა გვარამიაა. აქ ასეთი სეგრეგაცია, ვინ პოლიტიკოსი, ვინ ინჟინერი, ვინ ექიმი, ვინ მასწავლებელი – აღარ არის. ყველანი ვართ ამ პროცესში თანასწორი. ამიტომ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომელ პოლიტიკურ პარტიას დალუქავენ, არ დალუქავენ. ეს ოფისები უკვე პირობითია. ეს ოფისები ვეღარ ასრულებენ პარტიულ ფუნქციებს. ეს ოფისები, მაქსიმუმ როგორც ფართი მოხმარდეს ადამიანების რეაბილიტაციას, ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანენ“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას და მეტიც, არა უბრალოდ აფასებს, არამედ მოქმედებაზეა გადასული.

„ეს ოლიგარქიული რეჟიმიც არ არის, კრიმინალური რეჟიმია. ვის აცვია პოლიციის ფორმა, ვის არ აცვია, ვინ არის მართლა პოლიციელი, ამ ნიღბიანი ადამიანების მიღმა ვინ იმალება, არავინ ვიცით. ცალსახაა, რომ ბევრი მათგანი არ არის პოლიციელი. ეს ის ხალხია, ვინც ცდილობს, ძალაუფლება შეუნარჩუნოს რეჟიმს. ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც თავისუფალი აზრის გამოთქმა საფრთხის შემცველი არ იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.