გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს - რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები?,- ამის შესახებ „მთავარი არხის“დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და თქვა - გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას, ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მასაც ვთავაზობ და ყველა დანარჩენს, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში, როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, წარსულზე ლაპარაკით, შეიძლება დავკარგოთ მომავალი და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში.
მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს - რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები - ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარეს არ ვიქნები, გასაგებია, რომ ასეთი უნდა იყოს პასუხი, მაგრამ ეს არ არის დამარწმუნებელი ჩემთვის.
შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ასევე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები და ასევე, გაუგებარი განცხადებები და თავდასხმები ოპოზიციაზე, გახარიას პარტიას აქცევს 5-პროცენტიანი ბარიერის ქვეშ მყოფ პარტიად. ასე თუ გაგრძელდა, ის დარჩება იქ, სადაც არის. ცუდია თუ ასე გაგრძელდა, ეს ჩემთვის არ არის სასურველი სცენარი, იმიტომ რომ გახარია იღებს ხმებს ივანიშვილის ყულაბიდან“, - ამბობს ნიკა გვარამია.