ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არჩევნებამდე პრემიერი მინისტრობის კანდიდატის დასახელების და გარდამავალი ადმინისტრაციის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კვანძი სწრაფად გაიხსნება, ეს დაუსრულებელი პროცესი ვერ იქნება, თან არჩევნების რეჟიმში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იქნება დინამიური. არჩევნებამდე აუცილებლად მოხდება მეტი ინფორმაციის გაცხადება პრეზიდენტი მხრიდან. განსხვავებული ფორმატი იყო, ეს გარკვეულწილად ცვლის მოცემულობას. ჩვენ მოვისმინეთ რაც მოხდა, ერთმანეთში დაგვჭირდება მსჯელობა, რადგან მე კოალიციას წარმოვადგენ და ჩემს კოლეგებთანაც უნდა გავიარო.

ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არჩევნებამდე პრემიერი მინისტრობის კანდიდატის დასახელების და გარდამავალი ადმინისტრაციის. ვხედავ, ტერმინი - “მთავრობა“ ცოტა აშინებს პოლიტიკოსებს და ეს გასაგებია, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ გარდამავალ ადმინისტრაციაზე, რომლის უფლება-მოსილების ხანგრძლივობა იქნება ერთ წელზე ნაკლები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, თუ ეს გამოიწვევს მეტ კონსოლიდაციას საზოგადოებაში და გაზრდის არჩევნების და პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობას. 

პრეზიდენტი ჩვენ არ გვითანხმებს რას გააკეთებს, მან შემოგვთავაზა ქართული ქარტია, ჩვენ ეს მივიღეთ და ხელიც მოვაწერეთ, ახლა ის თუ ჩათვლის საჭიროდ ქარტიის შესრულების შეფასებას მისი მხრიდან, იმგვარად შეაფასებს, ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს, მაგრამ ვნახოთ პროცესი როგორ განვითარდება. იმედი მაქვს, პრობლემას გავუძლებთ და გამოსავალს ვიპოვით ყველა ერთად“, - განაცხადა გვარამიამ.