საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს. ნდობის ჯგუფის წევრებმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ბიუჯეტიდან საიდუმლო შესყიდვებისა და სპეციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე იმსჯელეს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების საჭიროებიდან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობა არსებობს. ამასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.

საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაში ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტაბატაძე და ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.