საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. 


პროექტის თანახმად: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის  5.0%-ია; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.9%-ით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს; ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათასი დოლარია; ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0%-ს დაუბრუნდება; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4%-ს შეადგენს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი 31.6%-ის დონეზეა, ხოლო  ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა,  ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები  37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის 85%-ზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს. შემოსავლების მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით.  2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაზე მიიმართება, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტების წევრებს ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, სადაც მიმდინარე ხარჯები იზრდება. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 90 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

პროექტის მიხედვით, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 32 166.0 მილიონი ლარია, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 32 071,5 მილიონი ლარი. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 1 015,0 მილიონი ლარია, საიდანაც: გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის გათვალისწინებულია - 41,5 მილიონი ლარი, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 34,2 მილიონი ლარი, სატყეო სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 29,1 მილიონი ლარი, გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგისთვის - 34,9 მილიონი ლარი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვისთვის, დარიშხანშემცველი ნარჩენების ობიექტების მართვისთვის - 5,8 მილიონი ლარი და მყარი ნარჩენების მართვისთვის - 50,4 მილიონი ლარი.

გიორგი კაკაურიძის თქმით, 2027 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 232,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

სამივე კომიტეტი შესაბამის დასკვნებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაუგზავნის.