გამაგებინეთ, 105 წლის ვარ თუ 32 წლის?..გამაგებინეთ 26 მაისს დავიბადე თუ 9 აპრილს? გამაგებინეთ, ჩვენ აქ ვართ თუ იქ?. - წერს ოპოზიციონერ დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში:

"სერიიდან:

სად ვართ… 26 მაისია. ჩართავ ტვ-ს და ისმის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 105 წლისთავს გილოცავთო. შეხვალ სოციალურ ქსელში და ყველა ულოცავს ერთმანეთს ზოგი 105-ს და ზოგი 32 წელს. დამოუკიდებლობის აქტის დოკუმენტიც მრავლად ჩანს სატელევიზიო არხებსა თუ სოცქსელში. ზოგს აკაკი ჩხენკელი აწერს ხელს და ზოგს აკაკი ასათიანი. ერთი გამონაკლისი კი არის, მხოლოდ ხუთჯვრიანი დროშაა გამოფენილი საზეიმოდ მორთულ შენობებზე და არსად არის 105 წლის წინანდელი შინდისფერი დროშა. ევროკავშირის დროშაც არ არის, მაგრამ ამაზე აგვიხსნეს, თემატიკაში არ ჯდებოდაო, რად არ ჯდებოდა, ეს იგულისხმება და ხმამაღლა არ ითქმის. და შინდისფერმა დროშამ რაღა დააშავა?

არც ეს ჯდებოდა თემატიკაში? ამ მოსალოცი 105 წლის წინ სამფერიანი შინდისფერი დროშა არ ფრიალებდა? ყოფილიყო თბილისის ქუჩებშიც ზოგან ხუთჯვრიანი და ზოგან შინდისფერი… სიმბოლიკის დონეზეც უფრო თვალსაჩინოს გახდიდა ჩვენს დუალიზმს. 105 წლის დამოუკიდებლობაო, ახარებს ხელისუფლება და უხარია ხალხს. და ამ 105 წელიწადში დამოუკიდებლობისთვის არ გვიბრძოლია? კი. გვიბრძოლია. ამ 105 წელიწადში რეფერენდუმი არ ჩაგვიტარებია? კი. ჩაგვიტარებია. ამ 105 წელიწადში ზვიად გამსახურდიას ქვეყნის დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია? კი. გამოუცხადებია. თუ გვიბრხოლია და თუ ჩაგვიტარებია და თუ გამოუცხადებია, გამოდის რომ ეს 105 წელი არ ვყოფილვართ დამოუკიდებელნი. თუ 105 წელი არ ვყოფილვართ დამოუკიდებელნი, რად ვულოცავთ ერთმანეთს დამოუკიდებლობის 105 წლისთავს? თუ რეფერენდუმი ჩაგვიტარებია და თუ დამოუკიდებლობა გამოგვიცხადებია, აქედან გადათვლი ( რეფერენდუმიდან) თუ იქიდან (გამოცხადებიდან) მაშინ 32 წლის გამოდის ჩვენი ქვეყანა და თუ 32 წლის ვართ, რად გვილოცავს ხელისუფლება 105 წელს? თუ 32 წლის ვართ, რად არ ვულოცავთ ერთმანეთს საქართველოს დამოუკიდებლობას 9 აპრილს? “ გამაგებინეთ, მე აქ ვარ თუ იქ”- ნეტავ რად გაგახსენდება “ცისფერი მთები” და იქ გამეფებული აბსურდი? გამაგებინეთ, 105 წლის ვარ თუ 32 წლის?..გამაგებინეთ 26 მაისს დავიბადე თუ 9 აპრილს? გამაგებინეთ, ჩვენ აქ ვართ თუ იქ?." - წერს ნატო ჩხეიძე.