თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე ხმაურია. ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ წევრები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ ნატა ფერაძის მიერ გუშინ სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს.

პოლიციას საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

შსს-მ  უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, „შსს-ს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.

გუშინ, 9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს

 შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.