საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ზაალიშვილმა „ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ 2022-2024 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.

მისი განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები შეეხება: შესყიდვის საჭიროების განსაზღვრას, უძრავი ქონების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს.

როგორც მარიამ ზაალიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე ჰოლდინგის მიმართ 4 რეკომენდაცია გაიცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ სხდომაზე წარადგინა საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.

მისი განცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებსა და 2025 წლის პირველ ნახევარს.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ეხება: სტრატეგიული ხედვის ტრანსფორმაციასა და პოლიტიკის თანმიმდევრულობას, საშეღავათო პერიოდის შემოღების შედეგებს, საარსებო შემწეობის პროგრამის სტრუქტურის კავშირს შრომის ბაზართან, მაღალი პოტენციალის მქონე შრომისუნარიანი პირების გამოვლენას და მათი დასაქმების ხელშემშლელი ბარიერების იდენტიფიცირებას სისტემაში ჩართვის ეტაპზე, ასევე ბენეფიციარების სეგმენტაციისთვის მონაცემთა ბაზების ანალიზის არგანხორციელებასა და პრიორიტეტული ჯგუფების არგამოყოფას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გამოვლენილ მიგნებებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ 5 რეკომენდაცია გაიცა.

მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე გიორგი კაპანაძემ ასევე წარადგინა „დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“.