ნიკა მელიას მხარს ვუჭერთ, რათა ამ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს პარტიაში, გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ეთქვას პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენს პარტიაში სხვადასხვა კანდიდატის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან, კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ლევან ვარშალომიძე და ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დამღუპველია.
„რა დროს არჩევნებია, მაგრამ მოცემულობა ეს გვაქვს, ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დასვა კითხვა: რატომ ნიკა მელია? ნიკა მელია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, და მათ შორის ჩვენს პარტიაში, გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა და უარი ეთქვას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვას, რაც, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენს პარტიაში სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები მხარს უჭერენ ნიკა მელიას.