არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო - მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, თინა ბოკუჩავას მიხეილ ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები. ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს: გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგლაძეს და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, მიმართა -  მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

თინა ბოკუჩავა საუბრობდა იმის თაობაზე, რომ „ქვეყანა იცლება, მოქალაქეები საქართველოს გაჭირვების გამო ტოვებენ და მათ ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას შეგნებულად არ აძლევს“.

თინა ბოკუჩავას გამოსვლა მიხეილ ყაველაშვილმა გააპროტესტა და მას მიმართა – „მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა. რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები“.

ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის. თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილს „უზრდელი ფეხბურთელი“ უწოდა.

მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს მიმართა – „მე ვარ უზრდელი? – ვიყო უზრდელი. რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეთ, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. იმათ რომ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ, შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის“.

სიტყვიერი კამათი იყო ყაველაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის. უმრავლესობის წევრმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოღალატე უწოდა. ვაშაძემ ყაველაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის პროვოკაციას არ წამოეგებოდა.

შეგახსენებთ: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.