ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა, უამრავი გამოწვევაა, მაქვს ხედვები, იდეები და მივყვებით პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „რა რჩება გამოწვევად, რომლის გადაჭრასაც ისურვებდით თქვენი პრეზიდენტობის პირობებში?“

„გულწრფელი ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ადვილად შეგვიძლია, ერთმანეთს მტრობა გამოვუცხადოთ. გინდ ლიტერატურული ნაწარმოები მომიყვანეთ მაგალითად, გინდ ისტორიული, სამწუხაროდ, ეს ნაკლი გვაქვს, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. სუვერენიტეტის გამყარება რომ დაიწყო და ეს დაინახა საზოგადოებამ, დაინახა, საკუთარი ხელისუფლება ეროვნული ინტერესიდან იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ დაუდგა გვერდით. რა თქმა უნდა, დიდი იმპერიების ქვეშ სულ ვიყავით და გვიწევდა რაღაცების ლავირება, მაგრამ როგორც კი პატარა შანსი ჩნდებოდა, საქართველო თავისუფალი ყოფილიყო, ყველაფერს ტოვებდა და ყოველთვის ყველაზე წინ აყენებდა ამას. დღეს ეს შესაძლებლობა გაჩნდა, ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ და დაინახა საზოგადოებამ, რომ ეს ღირებულია, კარგად ხორციელდება, ამ ყველაფერს პერსპექტივა აქვს და კიდევ უფრო განვითარებადია. პრინციპში, მართლდება ის, რასაც ამბობდა ხელისუფლება, თანმიმდევრულობის თვალსაზრისით. რაც თქვა, ის გამართლდა, რა გამოწვევაც იყო, ამაზეც გააფრთხილა საზოგადოება. ხელისუფლება რასაც ამბობს, ის ყველაფერი ერთი ერთში გამართლდა. რას უზამენ ახლა ამ ეკონომიკურ განვითარებას, გაიხსენეთ შეფასებები, ჩამოიქცევაო.

ოპოზიციის ქმედებები არის სულ მტრული, ეს ხომ კრიტიკა არ არის, რაღაც უკეთესის წარმოჩენა, არსებულზე ამბობს, არ არსებობსო, გეუბნება, ქართული ხელისუფლება არ არის, რუსულიაო. ეს არ არის ოპოზიცია. ამ ფონზე საზოგადოება, ჭკვიანი ქართველი, ჯერ კიდევ ვსწავლობთ ერთმანეთს. ძალიან დიდი დროა გასული იმის შემდეგ, როცა გქონდა თავისუფლება. ახლა კიდევ ვსწავლობთ, რამხელა შესაძლებლობები აქვს საქართველოს. შესაძლებლობებს როგორც კი აძლევ ჩვენს სპორტსმენებს, ჩანს, რამხელა წარმატებებს აღწევენ. ანალოგიურად, ქვეყანასაც იგივე შესაძლებლობები აქვს. წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს. თითქმის სპორტის ყველა სახეობაში წარმატებაა. ესე იგი, ქართველში ეს ზის, ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ იყოს მაგარი და გააკეთოს აქცენტი მის განვითარებაზე, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა. ამისთვის მოწადინებულია და რაში გვაკარგვინებენ დროს? რა უქნეს ამ ახალგაზრდებს, სად წაიყვანეს და აღარ გამოჰყავთ ამ სიძულვილიდან, ზიზღიდან. ამაზე მიკვდება გული.

მაქვს რაღაც ხედვები, იდეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ნელ-ნელა ამ პროცესებს მივყვებით. უამრავი გამოწვევაა, ნარკომანიაზე იყო საუბარი, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ხომ ვხედავთ, სპორტს რა ძალა აქვს. უნდა ვიცოდეთ იდეალურ წარმოდგენაში, ქართველი პიროვნება როგორი უნდა იყოს, როგორი საქართველო გვინდა და ამ საქართველოს დამცველი ვინ უნდა იყოს, ეს ქართული პიროვნება რას უნდა წარმოადგენდეს. უნდა იყოს ოჯახური ღირებულებების, სარწმუნოების, თავისი ქვეყნის პატრიოტი, პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, განათლებული, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე, კონკურენტუნარიანი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის და ქვეყნის მიმართ, რომელიც თავის ქვეყანას დაიცავს. ეს არის საზოგადოება. ამ პოლიტიკურ პროცესს შემდეგ სჭირდება საზოგადოების მხრიდან დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი და არა იმ კატასტროფასა და ზიზღზე, რომელსაც აღვივებენ და ხელოვნურად არის გამოწვეული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.