ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, რომ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა ეს პროცესი და სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. ეს წერილიც და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს ურთიერთობები. სპეკულაციები ბევრი იქნება, ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ვემზადებოდით და საკმაოდ მომზადებულია საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, თუ სხვა. მზად ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით. დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო. ჩვენ ხომ ვხედავთ, რა ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა მიზნები დაისახა ტრამპმა. ვხედავთ თანმიმდევრულობას, რა არის მისთვის დღის წესრიგში. ნამდვილად ვერ დადგებოდა საქართველო მისთვის პირველ რიგში და არც არავინ მოითხოვდა, მით უმეტეს, ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს. ეს ღირებულებითი თანხვედრა, რომელზეც ხაზს ვუსვამდით, გამოჩნდა წერილშიც, რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას. ამ წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მგონი, ეს პროცესი, ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან უკვე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით მიიღო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.