გახარია-ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ ალიანსს „მესამე ცენტრის“ შექმნის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს ცენტრი სხვა არაფერია, თუ არა აგენტურა. 

მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ადამიანები, მათ შორის მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, ახალი ალიანსით უერთდებიან საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ უცხოურ ძალებს და ასრულებენ მათ დაკვეთას. 

„ნაციონალური მოძრაობისგან თითქოს გამიჯნული ძალები და მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატები „ქართული ოცნების“ ხმებზე ან იმ ნეიტრალურ ადამიანებზე ინადირებენ, რომლებიც თითქოს „ოცნებაზე“ არიან განაწყენებულები. ეს ერთგვარი „მესამე ცენტრის“ შექმნის მცდელობაა. ეს ძალები ერთიანი ფრონტით უკავშირდებიან საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლებს. ეს არის აგენტურა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.