ევროკავშირში არიან ძალები ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ რაც ჩვენ, ამ შემთხვევაში დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის და ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის.
„ჩვენ გვყავს პარტნიორები მაგალითად ამ საკითხში შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა უკვე ჩეხეთშიც გაიმარჯვა ამ იდეოლოგიის, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა. ევროპა არ არის დღეს შექმნილი, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა, იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაირღვეს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ეს პროცესი შეიცვლება. მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხზე მუდმივად ხაზს ვუსვამ, მაგრამ მათი ქმედება, მათი ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის. შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. პარადოქსია, რომ თითქოს ქართველ ხალხზე აქვთ აქცენტი, არჩევნების დროს რომ აკეთებდნენ, არღვევდნენ ამ კონვენციას და პირდაპირი მნიშვნელობით ერეოდნენ არჩევნებში, ქართველ ხალხზე ჰქონდათ თითქოს აქცენტი და ეს ხალხი, უმრავლესობა არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ამ ხალხს რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ თვლი, რომ ეს ადამიანები ვერ აზროვნებენ, გონიერები არ არიან და ვერ ხედავენ რაში არის საქმე და რაში არის ჩარევა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს სწორედ გერმანიის ელჩის და სხვების ქმედებები აზიანებს.
„ვინ აზიანებს იმ ევროპულ ღირებულებას რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება, რომ ამ სივრცის, ევროკავშირის ნაწილი გავმხდარიყავით? მაგალითად, გერმანიის ელჩის საქციელი. პირდაპირ წერია შავით თეთრზე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლია, რა ევალება ელჩს, როცა ის სხვა ქვეყანაშია. პირდაპირ არის გაწერილი და ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ეს ადამიანი და არამარტო ეს ელჩი. მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა როცა პირდაპირ ეკრძალებათ, ის თავს მეტის უფლებას აძლევს. ეს ეწინააღმდეგება იმ პროცესს, რომლისკენაც ჩვენ საუკუნეებია და წლებია ვისწრაფვით, ვინ აზიანებს ამ შემთხვევაში, აზიანებენ ეს ადამიანები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.








