ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან  ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, იმედი აქვს, ადრე თუ გვიან, ეს აქტი აუცილებლად შედგება და საქართველო გაერთიანდება.

„დღეს არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ განსხვავებული რეალობა გვაქვს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თუმცა ის ორი რეგიონი, რომელზეც მუდმივად ვპოზიციონირებთ, რომ იქ ცხოვრობენ ჩვენი დები და ძმები, ოსი და აფხაზი დები და ძმები. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, გაცხადებული, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ჩვენს ძმებთან და დებთან მიმართებით, გულწრფელი, გულღია არის, რომ ჩვენ გვინდა ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რომ ეს პროცესი შედგეს. მგონი, ამას საქმითაც ვამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, ბევრი წელია, ერთად მოვდივართ და იმედს ვიქონიებ, რომ ადრე თუ გვიან, ეს აქტი აუცილებლად შედგება და საქართველო გაერთიანდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.