მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით კი, ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი რესურსი ყველასგან გამორჩეული, უნიკალური და თვითმყოფადი კულტურაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში შექმნილმა ღირებულებებმა, ტრადიციებმა და მათმა გააზრებამ ჩამოაყალიბა ქართველი ერი, როგორც უნიკალური კულტურული ფენომენი.
„გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით ქართულ კულტურას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მოღვაწეობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ერთ-ერთი ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორი არის სპორტული წარმატებები. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს სპორტის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დასახელებისათვის.
„როგორც ბოლო წლებმა გვიჩვენა, კონკრეტულ მომენტებში ჩვენი ხალხის კიდევ ერთი ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორი სპორტული წარმატებები გახდა. სახელოვანი ქართველი სპორტსმენები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მიღწეული წარმატებით, საკუთარ თავთან ერთად, მსოფლიოს ჩვენს სამშობლოსაც აცნობენ, გულშემატკივრებს კი ბედნიერებას გვანიჭებენ და დაუვიწყარი მომენტებით გვახარებენ. აქ გვყავს ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები, ის ადამიანები, ვინც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა. მათაც მინდა, მივესალმო და მადლიერება გამოვხატო. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა სპორტის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა, რისთვისაც მასაც მადლობას ვუხდი. სპორტის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია „სპორტით განვითარება“, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანების ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროში აღნიშნული მიდგომის დანერგვა, ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად, უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვას. ვერ ავუვლი გვერდს ამ საკითხს. აქ ვიყავი, პარლამენტში, როდესაც არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით. საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, სადაც არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხს ეხება, არის ის, რომ ამ ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს, სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. სპორტის უნივერსიტეტი გაანადგურეს და გააუქმეს. შვიდწლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. არაერთი კვლევა ჩავატარეთ და ფიზიკის, ისტორიის, ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული სპორტის გაკვეთილები. არც კი ატარებდნენ და ამან რა გამოიწვია? ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად ჩავატარეთ კვლევა და საქართველო არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში. დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაკეთეთ კვლევები. სწორედ ეს შედეგი იყო, რომელიც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა და რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ – განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი.
პრემიერთან ერთად, ამ საკითხებთან მიმართებით არაერთი დისკუსია გვქონდა. იმ პროფესორებისა და პედაგოგებისგან განსხვავებით, ნამდვილად არგუმენტებით ვიყავი მასთან მისული. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში მულტიფუნქციური სპორტული ობიექტების გახსნა არის პასუხი, რომ როგორმე სასწრაფოდ შევქმნათ ინფრასტრუქტურა, ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს ჯანსაღ ცხოვრებაში და სპორტული აქტივობებით იყოს დაკავებული, გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სურვილი ექნება, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არ შემეძლო, არ შევხებოდი. დღეს უფრო განსხვავებული რეალობა გვაქვს. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია, ვინც ჩართულია. აუცილებლად უნდა ავიდეთ და გადავცდეთ 50%-ს. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება იმ ტემპით, რა ტემპითაც დღეს ვითარდება ჩვენი სპორტული ინფრასტრუქტურა. სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა ისარგებლოს სპორტული სერვისებით. ეს ერთ-ერთი პირობაა, რომ ჯანმრთელი, განათლებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდები გავზარდოთ და ყველა განვითარებული ქვეყნის ახალგაზრდას გაუწევენ კონკურენციას. ფაქტია, კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის, ხალხის ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განსაზღვრის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამიტომ, აღნიშნული სფეროების მაქსიმალურად ხელშეწყობა და განვითარება ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.









