"ჩვენ არ ვიხევთ უკან, შეუძლებელია უკან დავიხიოთ, რადგან ჩვენს უკან სამშობლო და ეროვნული ინტერესია",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს პროტესტის ქვეშ არიან გაერთიანებული, სამი წლის წინ ხელისუფლებისგან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას და სანქციებზე მიერთებას ითხოვდნენ.

„სამი წელი გავიდა, დღეს ხომ შეგვიძლია კითხვა დავსვათ, მაშინ რას აპროტესტებდნენ ის ადამიანები, როცა ომის დაწყების შემდეგ გამოვიდნენ პარლამენტის წინ და ითხოვდნენ , რომ მოხალისეები გაგვეშვა და შემდეგ სანქციებს შევერთებოდით. მოხალისეების გაშვება ნიშნავდა თუ არა ომში ჩართვას პირდაპირი მნიშვნელობით. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, როცა გაუძლო ჩვენმა ხელისუფლებამ ამ აქციებს და ზეწოლას, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ მოხალისეების გაშვება რომელიმე ქვეყნიდან ომში ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყანა ერთვება ომში. მეორე მოთხოვნა იყო სანქციებთან შეერთება, რა მოყვებოდა ჩვენ რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი? ჩვენ ისედაც შეერთებული ვიყავით საერთო ძალისხმევას და რეზოლუციებს, სანქციები, რომელიც არ აზარალებდა ჩვენს ქვეყანას მათ შევუერთდით.

არაერთხელ შეაფასეს ექსპერტებმა და პრემიერ-მინისტრმა, რომ რასაც გვთხოვდნენ, ის რომ გაგვეკეთებინა, ჩვენი ეკონომიკა არა პლუს შვიდი პროცენტი, არამედ მინუსებში იქნებოდა. ვის შეეხებოდა ეს ყველაფერი?! პატრიოტობასა და ამ ქვეყნის სიყვარულზე როცა საუბრობ, გამოდიხარ აქციაზე და ამას სთხოვ ხელისუფლებას, რა გიწოდოს შენ? დღესაც იგივე ხალხთან და იგივე დაკვეთებთან გვაქვს საქმე , ეს ინტერესთა კონფლიქტი ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიხევთ უკან და შეუძლებელია ჩვენ რომ დავიხიოთ, რადგან ჩვენს უკან სამშობლო, ეროვნული ინტერესია და შეუძლებელია ჩვენი მხრიდან განსხვავებული პოზიციების გაჟღერება და განხორციელება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.