"ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ", - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო.
ჯერ ერთი, დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ "მოდი გავერთიანდეთ" ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილს.
ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით."- წერს მიხეილ სააკაშვილი.








