"ჩვენს დროს იყო პრობლემები ციხეებში. გაიხსენეთ საიდან დავიწყეთ - შევარდნაძის დროს წინასწარი დაკავების საკანში დათვი ჰყავდათ პატიმრების დასაშინებლად", - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გეყოთ სიმართლისგან გაქცევა. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო და "კარანტინის კადრებიც" და ამას წყალი არ გაუვა! ეს იყო სპეცოპერაცია.

ჩვენს დროს იყო პრობლემები ციხეებში. გაიხსენეთ საიდან დავიწყეთ - შევარდნაძის დროს წინასწარი დაკავების საკანში დათვი ჰყავდათ პატიმრების დასაშინებლად. ციხეებიდან აკონტროლებდა ქურდული სამყარო დანაშაულს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქურდების განეიტრალებისთვის გატარდა ზომები, მათ შორის გადამეტებული, მაგრამ ნამდვილად არ ხდებოდა გაუპატიურებები, პატიმრების მიგზავნა სხვა პატიმრების საცემად, ციხის უფროსების მკვლელობები. ბევრად უკეთესი იყო კვება და სანიტარული პირობები.

შეადარეთ ჩემი რეაქცია ციხის კადრებზე 2012 წელს, ეგრევე გავხსენი ციხეები, შევუშვი ჟურნალისტები, ოჯახის წევრები, სასულიერო პირები მასიურად. მინისტრიც გადავაყენე და ნახეთ ახლა ამათი რეაქცია ახლანდელ ნამდვილ კადრებზე - ციხეების დაკეტვა, რეპრესიები, რეჟიმის გამკაცრება და მოძალადე პერსონალის საჯარო წახალისება. ე.ი. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე სუსტი ვიყავი და თვითონ ბოლომდე უჭერს ხელს, ხოდა წაიტეხავენ კიდევაც კისერს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.