ქვეყანაში შარდის სუნი დგას - იქ სადაც თვითმარქვია ხელისუფლება დგას უკანა თათზე რუსეთის წინაშე მუდმივად კუდს უქიცინებს, ასრულებს ყველა სურვილს, რათა ცითაც ბინძურმა დედაკაცმა ზახაროვამ ყოველკვირა შეაქოს, ზახაროვას რომ სადმე თავმოყვარე ქართველი გადაეყაროს და უხეშად გასცეს პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
"ასეთ ქვეყანაში რუსებიც ელოდებიან, რომ ყოველი ქართველი იდგეს უკანა თათებზე, უყუროს მათ თვალებში, გამოიცნოს ყველა კაპრიზი და დაუკმაყოფილოს ის. ხოდა თუ ვინმემ ამას გადაუხვია, რა თქმა უნდა, რუსების თვალსაზრისით იმსახურებს ლანძღვასაც და თავზე მოსაქმებასაც.
ოღონდ აქ კიდევ არის ერთი რამ, რაც უფრო მეტად გაუწვებით, კუდს უქიცინებთ, თავს დაიმცირებთ, მით მეტად დარწმუნდება რუსი, რომ დიახაც ველური „პაპუასი“ ხართ და აუცილებელიც კი არის, რომ ხშირად წამოგარტყათ თავში. ის რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული შემთხვევა.
შემოსეული ღორები გვექცევიან, როგორც დაპყრობილ ქვეყანას სადაც მათთვის მოსულა ისიც, რასაც თავისთან ვერ გაბედავენ. ჩემს დროსაც იყვნენ რუსი ტურისტები, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ გაბედავდა იმას, რაც მოხდა თელავში. ჯერ ერთი აქ იყო მთავრობა, რომელმაც მათ არმიას შეუბრუნა ხელი და აბა ასეთ ვაი ტურისტს რას ვუზამდით. მეორე, საქართველოში იყო ის რაზეც მათ ქვეყანაში ოცნებაც არ შეეძლოთ. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ყოველდღე იცვლებოდა უკეთესობისკენ, ამაყი ხალხით, რომელიც თავს გრძნობდა ძალიან მნიშვნელოვნად. აქ რუსეთისგან განსხვავებით არ იყო კორუფცია და იყო სრული უსაფრთხოება და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რისთვისაც მაშინ რუსები ჩამოდიოდნენ იყო ის, რომ ენახათ მათ ქვეყანაზე უკეთესი ქვეყანა და შესაბამისად ქვემოდან ზემოთ გვიყურებდნენ.
ახლა კი ეს დამოკიდებულება მთლიანად შეიცვალა. ახლა ჩვენ მათთვის ვართ დაპყრობილი და დაჩმორებული ტერიტორია, სადაც ყველაფერი მოსულა და შეგიძლია დაიკმაყოფილო შენი არასრულფასოვნების კომპლექსი. ესაა ტერიტორია სადაც ის გმირები, რომლებიც მათ შეერკინნენ და შეეწირნენ - პირადის სუბიექტებად მოიხსენიებენ და მათ სახელებს კრძალავენ, სადაც პრეზიდენტი რომელიც მათ შეეწინააღმდეგა, მათ საამებლად მიწაზე ათრიეს და დამამცირებელ ტყვეობაში ჰყავთ.
ეს არის ადგილი, სადაც იმ რეფორმებისგან, რომლებისაც მათ ასე შურდათ, აღარაფერი დარჩა. ყველა პოლიტიკოსი ვინც რუსეთზე რამე თქვა ციხეშია ან ე.წ. სასამართლოში. რუსების მოთხოვნით გააუქმეს ჯარი, გააუქმეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა, ანგრევენ განათლების სისტემას და შენობებსაც კი და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორია იმსახურებს რომ მას თავზე დააშარდო და დააფურთხო.
და აქ მივდივართ მთავრამდე - არცერთი, ვიმეორებ არცერთი (!) ქვეყანა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში არ აფრენილა ასე მაღლა, როგორც საქართველო იმ 9 წელში, ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში და ზუსტად ასე არცერთი ქვეყანა მწარედ არ დანარცხებულა ასე მწარედ, ასე დაბლა როგორც ჩვენ დაგვემართა ბოლო წლებში. ჩვენ დავენარცხეთ, ჩვენ დავმარცხდით, იმიტომ რომ ტყუილმა გაიმარჯვა, მონურმა ფსიქოლოგიამ გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვებთ როცა ტყუილს დავამარცხებთ, გავთავისუფლდებით მონის კომპლექსისგან და სიმართლე გაიმარჯვებს.
მანამდე კი რუსული შარდის მძაფრი სუნი მცემს ამ სასამართლოშიც. ვხედავ უკანა თათებზე მდგომ ე.წ. სასამართლოს შემადგენლობას და აი ამ ბადრაგს, უკან რომ მიდგას, წეღან რომ ჩემთვის ბორკილების მოჭერის ბრძანება გასცა.
ხელახლა უნდა გავაღოთ დასავლეთისკენ დახურული ფანჯარა და ეს სუნი გავანიავოთ. უნდა მივხვდეთ, რომ თავისუფლებაზე მაღლა არაფერი დგას და ყველამ ერთად ვთქვათ - თავისუფლება ან სიკვდილი! - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".








