" ჩემთვის ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა, იმიტომ ვავითარებდით ქალაქებს. ახლა რომ დადიან ქართველები, ხომ მოგწონთ საემიროები, როგორი მაგარი ქვეყანაა, ამაზე ბევრად  მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველო, რომ დაგვცლოდა. ეს, პრაქტიკულად, განადგურება ვითომ სასამართლო წესით, არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი, ყველა ჩემი მომხრე დააშინონ და ამით ცდილობენ, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან, რომ მასაც იგივე ბედის ელის, თუ უკრაინას არ ჩააბარებს. მე განსაკუთრებით ცინიკურად მსჯიან და მანადგურებენ ქვეყნის არჩაბარებისთვის 2008 წელს. ეს ყველაფერი ამისთვის არის, აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს. იმისთვის, რომ გავბედე და საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელი, იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხეთ, იმისთვის, რომ ვიღწვოდი ხალხისთვისა და არა საკუთარი ჯიბისთვის. ბოროტების ძალებისთვის მე ვიყავი საშიში, როგორც პრეზიდენტი, როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორი და უკრაინისთვის მებრძოლი, მე მათთვის საშიში ვარ ციხეშიც და საშიში ვიქნები მკვდარიც, რადგან ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მოუწოდა, გააგრძელონ ბრძოლა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის გადასარჩენად.

„ხალხო, შეხედეთ ძალიან მარტივად, სერბეთში რამდენი ხალხი გამოვიდა და სერბეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მთავრობა სხვანაირად უნდა მოიქცეს, გამოხატა სურვილი, დანიშნონ არჩევნები. ერთადერთი რამ მინდა გითხრათ, ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. აგერ ნახეთ, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს აწერენ ხელშეკრულებას, თურქეთი და სომხეთი აწერენ ხელშეკრულებას, ერთადერთი გაუბედურებული, მიტოვებული ქვეყანა რჩება საქართველო, დაუცველი და განადგურებული. არ მეგონა, თუ ამას ოდესმე მოვესწრებოდი, მაგრამ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, ეს არის ერთადერთი გზა. მინდა, ვუთხრა მტრებს, მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც, რადგან ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას და გამარჯვებას, საქართველოს წარმატებას. ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ერს. გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ. რაც უფრო წლები და საუკუნეები გავა, მხოლოდ გაიზრდება იმის დაფასება, რა გავაკეთეთ. კიდევ უფრო მეტი იქნება დაგმობა იმისა, რასაც ჩადიხართ თქვენ. ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.

მასსასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.