ამის შესახებ ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
გავლენის აგენტების კანონპროექტს, როგორც ჩანს, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ეს პროექტი „ხალხის ძალამ“ დააინიცირა, პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელსაც საკუთარი, ავთენტური ინტერესები არ გააჩნია და თავად არის „ქართული ოცნების“ გავლენის აგენტი. პოლიტიკური ერთეული რომელიც მეორე პოლიტიკურმა ერთეულმა შექმნა მისივე ამოცანების შესასრულებლად სხვებისთვის აგენტის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის. აბსურდია და ეს აბსურდი თავად ამ კანონის არსია.
რა თქმა უნდა, ამ კანონს არავითარი საფუძველი არ გააჩნია, არავითარი ქვეყნის ინტერესი მასში არ არის. ის უბრალოდ კანონია. აქტი ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე როგორც უისტან ჰიუ ოდენის ერთ ლექსში „კანონი, როგორც სიყვარული“ (Law Like Love). იქ ასეთი მონაკვეთია (ბოდიშს ვიხდი გაუმართავი თარგმანისთვის, ორიგინალში გარითმულია):
„კანონი, ამბობს მოსამართლე, აკვირდება რა საკუთარ ცხვირს,
თან საუბრის დროს ცალსახა და შეუვალია,
კანონი, როგორც ერთხელ უკვე გითხარით,
კანონი, როგორც თქვენთვის არის ცნობილი,
კანონი, მიბოძეთ ნება, კიდევ ერთხელ კარგად აგიხსნათ,
კანონი კანონია.“